რა უნდა გავითვალისწინოთ ინვესტორთან იდეის წარდგენამდე

რა უნდა გავითვალისწინოთ ინვესტორთან იდეის წარდგენამდე

რა უნდა გავითვალისწინოთ ინვესტორთან იდეის წარდგენამდე

1 სექ. 2022

გაქვთ საინტერესო გამოგონება? ან განსაკუთრებული იდეა ახალი პროდუქტისთვის და აპირებთ წარუდგინოთ ის ინვესტორს?

 

იდეის წარმატებით წარსადგენად უნდა იყოთ ორგანიზებული, მოემზადოთ და დაუღალავად იმუშაოთ თქვენს იდეაზე.

 

ინვესტორები დაინტერესებულები არიან თქვენი შეთავაზების კონკრეტული ასპექტებით, ამიტომ მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ იდეასთან დაკავშირებულ დეტალებს სწორად აწვდით მათ. თქვენ უნდა გქონდეთ ინფორმაცია თქვენს პოტენციურ მომხმარებლებზე, სამიზნე ბაზარზე, კონკურენტებზე, მომწოდებლებსა და გაგაჩნდეთ ხედვა პროდუქტის მოკლევადიან თუ გრძელვადიან მომავალზე.

 

თქვენ უნდა შეძლოთ ნათლად განუმარტოთ ინვესტორს თუ რა სახის პარტნიორობა გჭირდებათ პროდუქტის კომერციალიზაციისთვის.

 

იდეის წარდგენამდე კი უნდა დაფიქრდეთ რამდენიმე საკითხზე:

 

 განსაზღვრეთ თქვენი გზა პროდუქტის ბაზარზე განთავსებამდე

 

როგორ წარუდგენთ თქვენს პროდუქტსა თუ გამოგონებას ბაზარს?

 

ინვესტორები ხშირად უპირატესობას ანიჭებენ ლიცენზიებს, რომელთა მიღებაც არც ისე ადვილია და ასევე ახალი ტექნოლოგიის გაყიდვას, რომლებიც ფულში სწრაფად გარდაიქმნება და აძლევთ მათ საშუალებას კონცენტრირდნენ ახალ პროექტებზე.

 

ამასთან, უნდა განიხილოთ დაფინანსების სხვა ვარიანტებიც, იმის გათვალისწინებით თუ რა პოტენციალი აქვს ბიზნეს და რა სახით გსურთ იყოთ ჩართული მასში.

 

► შეაფასეთ თქვენი პროდუქტის/პროექტის განხორციელებადობა

 

შექმენით პროდუქტის უნიკალური პროტოტიპი, კარგად მომუშავე მოდელი. შეისწავლეთ მეტი ბაზარსა და პოტენციურ მომხმარებლებზე. ჩაატარეთ კვლევა, შეაგროვეთ პასუხები იმ კითხვებზე, რაც შეიძლება ადამიანებს გაუჩნდეთ თქვენს იდეასთან დაკავშირებით და გააუმჯობესეთ ის. შეიძინეთ მომხმარებლები და მოუსმინეთ მათ გამოხმაურებებს. მოახდინეთ საჭირო ცვლილებები და ეს პროცესები გაიმეორეთ საჭიროებისამებრ.

 

►  იმუშავეთ პრეზენტაციაზე

 

პრეზენტაციის ფაზაში თქვენ უნდა ფოკუსირდეთ იმ კონკრეტულ საკითხებზე, რის შესახებაც ყველაზე ხშირად სვამენ კითხვებს ინვესტორები. დარწმუნდით, რომ გაქვთ მტკიცედ ჩამოყალიბებული, თუ რა ღირებულებას შესთავაზებთ ბაზარს და ამასთანავე, ისე ააწყვეთ თქვენი პრეზენტაციის ვიზუალური მხარე, რომ ის გიწყობდეთ ხელს თქვენივე თავდაჯერებულობის ამაღლებაში, რაც აუცილებელია ფაქტორია ინვესტორებთან და საჭირო დამფინანსებლებთან იდეის მიტანის პროცესში.

 

►  გზა ბაზრამდე: პრექტი, პროდუქტი თუ კომპანია? გამოგონების ლიცენზირება თუ მისი გაყიდვა?

 

თუ იპოვეთ კომპანია, რომელიც დაინტერესებულია თქვენი პროდუქტით, თქვენ მოგიწევთ გადაწყვეტილების მიღება - გაყიდით თქვენს გამოგონებას თუ მიყიდით ლიცენზიას დაინტერესებულ კომპანიას ან მეწარმეს, რომელიც გაყიდის თქვენს პროდუქტს. ლიცენზირება რთული პროცესია და  არც ისე ადვილია მისი გავლა ყველასთვის. ასევე არ არსებობს მისი მიღების ერთი მარტივი გზა.

 

ემილი მურჰედი, InventHelp.com-ის მარკეტინგის წამყვანი სპეციალისტი გვიყვება, რომ გამოგონებაზე საავტორო უფლებების მოპოვება რთულია და არ არსებობს გაწერილი მზა ინსტრუქციები, რომლის მიხედვითაც ამას გააკეთებენ, თუმცა არსებობს საჭირო რესურსები და მაგალითები, რომელთა შესწავლა დაგეხმარებათ მის მოპოვებაში.

 

ინტელექტუალური საკუთრება, როგორ დგინდება ნამდვილი ლიცენზიარი,  როგორ მიმართო პროფესიონალებს დახმარებისთვის - ეს კარგი რესურსებია თქვენი პროდუქტის ლიცენზირებისათვის.   ამ მხრივ ერთ ერთი რესურსად შეგვიძლია მივიჩნიოთ საქართველოს კანონი ინოვაციების შესახებ, რომელიც ზოგად ინფორმაციას მოგვაწვდის ამ საკითხზე.

 

► დამოუკიდებელი კომპანიის შექმნა

 

თქვენი გამოგონება, თუკი ის საკმარისად ძლიერია, შეიძლება ამართლებდეს დამოუკიდებელი კომპანიის ჩამოყალიბებას. ცხადია, დაარსებას დიდი ძალისხმევა სჭირდება, მაგრამ კარგი პროდუქტისთვის არაა შეუძლებელი საკმარისი თანხის მოძიება და ინვესტორების დაინტერესება კომპანიით. თუ როგორც გამომგონებელს გჯერათ საკუთარი თავის, თვლით, რომ გაქვთ სწორად შეფასების უნარი და გამოცდილება, რაც კომპანიის დასაარსებლად გჭირდებათ, ეს სწორი გადაწყვეტილება იქნება.

 

►  ჩანაფიქრის, მისი პროდუქტად ქცევის და ბაზარზე გასვლის ტესტირება

 

თქვენ არა მხოლოდ საკუთარი იდეა უნდა გამოიკვლიოთ და შეაფასოთ ჰყავს თუ არა ანალოგი, არამედ შეისწავლოთ ინდუსტრიაც, მოვაჭრეები, სამიზნე მომხმარებლები და კონკურენტები. ბაზრის კვლევა მოგცემთ ინფორმაციას თუ ვინ, სად და როდის იყიდის თქვენს გამოგონებას. ეს დაგეხმარებათ განსაზღვროთ სავარაუდო ბაზრის წილი, გქონდეთ ინფორმაცია კონკურენტებზე და პროდუქტის შესაძლებლობებზე ინდუსტრიაში.

 

ბაზრის შესწავლას მრავალი ასპექტი შეიძლება ჰქონდეს. შესაძლებელია დაიწყოთ მომხმარებელთა გამოკითხვით, რათა გაიგოთ მეტი თქვენი სამიზნე აუდიტორიის დემოგრაფიასა და ფსიქოგრაფიაზე. შეგიძლიათ შეაგროვოთ ინფორმაცია, რათა გააცნობიეროთ რას უპირისპირდებით და რითი უნდა გამოირჩეოდეს თქვენი პროდუქტი, როგორ მოახდინოთ პოზიციონირება და რატომ იყიდის მომხმარებელი მას საბაზრო ფასად.

 

► პროტოტიპი

 

გამოგონების პროცესში პროტოტიპის შექმნა და დატესტვა ძალიან მნიშვნელოვანია. პროტოტიპს შეუძლია დაგეხმაროთ მარკეტინგში და ლიცენზირებაშიც კი, რადგან ამოწმებთ თქვენი იდეა მართლა მუშაობს თუ არა. თქვენი გამოგონების მოდელი საშუალებას მოგცემთ გამოსცადოთ პროდუქტის ყველა შესაძლო ფუნქცია, დიზაინი და ძირითადი მახასიათებლები. პროტოპიტზე მუშაობისას მნიშვნელოვანია პროცესი ნელი და აუჩქარებელი იყოს.

 

► რა გჭირდებათ ძლიერი პრეზენტაციისთვის. პროდუქტის მთავარი ღირებულებები

 

ღირებულება, რომელსაც მომხმარებელს სთავაზობთ უნდა გამოხატავდეს, თუ რა პრობლემის გადასაჭრელადაა მიმართული თქვენი პროდუქტი, როგორ აგვარებს მას და რატომ იყიდის მომხმარებელი ამ პროდუქტს და არა სხვას. ფილოსოფიის დოქტორის, ართურ ბონის მიხედვით კარგი შეთავაზება უნდა პასუხობდეს შემდეგ კითხვებს:

 

  • ვინ არიან თქვენი მყიდველები?
  • რა საჭიროებას პასუხობს თქვენი გამოგონება?
  • რა ჰქვია თქვენს გამოგონებას?
  • რა კატეგორიის პროდუქტია?
  • რატომ იყიდიან თქვენს პროდუქტს?
  • რა ალტერნატივა აქვს მას ამ მომენტში?
  • რითი გამოირჩევა?

 

მაგ. Pebble Smartwatch, რომელიც უკავშირდება თქვენს სმარტფონს, გიჩვენებთ მეილებს, შეტყობინებებს, აქვს წვდომა თქვენს მუსიკასთან და სხვა აპლიკაციებთან და, რა თქმა უნდა, აჩვენებს დროს. პროექტმა მოაგროვა $10.2 მილიონი 70 000-ზე მეტი მხარდამჭერისგან, რომლებიც ეხმარებოდნენ Pebble-ს დამოუკიდებელ კომპანიად ჩამოყალიბებაში.

 

Kickstarter pitch არის კარგი მაგალითი თუ როგორი უნდა იყოს ღირებულება, რომელსაც მომხმარებელს სთავაზობთ. Kickstarter, indiegogo და gofundme, ის პლატფორმებია, რომლებიც საშუალებას აძლევს გამომგონებლებსა და მეწარმეებს ჩამოაყალიბონ რა ღირებულებას სთავაზობენ მომხმარებელს და მიიღონ გამოხმაურება ინვესტორებისგან რეალურ დროში.

 

► პრეზენტაციის კარგი ვიზუალი

 

კარგი იდეაა პრეზენტაციას დაურთოთ კარგი ვიზუალი, რადგან ის ხაზს უსვამს ძირითად თემებს და ეს ეხმარება აუდიტორიას უკეთ აღიქვან თქვენი მოხსენება ვიზუალური მინიშნებების მეშვეობით. ინტერნეტში მრავლადაა კარგი პრეზენტაციების ნიმუშები, რომელთა გადმოწერა და რედაქტირება არის შესაძლებელი.

 

► ბიზნეს გეგმა

 

ბიზნეს გეგმა თქვენი სტრატეგიებისა და გეგმების შეჯამებაა, რომელიც დაეხმარება სტარტაპს წარმატებაში. ბიზნეს გეგმა აჩვენებს, რომ თქვენს იდეას სერიოზულად უდგებით და გაქვთ ცოდნა იმ ძირითად ასპექტებზე რაც გავლენას იქონიებს თქვენს ბიზნესზე - პროდუქტი და შეთავაზებული სერვისი, მარკეტინგი თუ გაყიდვების სტრატეგიები და ა.შ.

 

სხვა ძირითად კომპონენტებთან ერთად. წარადგინეთ ფინანსური მხარეც, რამდენადაც ეს შესაძლებელია და ახსენით თქვენი ფინანსური მოთხოვნა.

 

მიუხედავად იმისა, რომ ბიზნეს გეგმის წერა დიდ დროსთანაა დაკავშირებული და არც ისე ამაღელვებელი პროცესია, დღეს ის საკმაოდ მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ თანამედროვე ბიზნესის კონკურენტულ კლიმატს.

 

ბიზნეს გეგმის შესაქმნელად თქვენ უნდა შეაგროვოთ, შეაფასოთ და გააანალიზოთ ყველა არსებული რელევანტური ინფორმაცია და შეძლოთ მისი სტრუქტურიზება.  ეს კარგი სავარჯიშო იქნება თქვენთვის, როგორც გამომგონებლისთვის/ანტრეპრენერისთვის გაეცნოთ საკუთარი ბიზნესის სხვადასხვა ასპექტს.

წინა სტატია

პირველი ნაბიჯი წარმატებისკენ

შემდეგი სტატია

რა გავითვალისწინოთ ბიზნესის დაზღვევისათვის